
ბორჯომი
ბორჯომი ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტია. აქ ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი, თბილი ზაფხული იცის და სასტუმროები წელიწადის ნებისმიერ სეზონზე ფუნქციონირებს.
ბორჯომის მთავარი სიმდიდრე ვულკანური წარმოშობის უნიკალური მინერალური წყალია, რომელიც უკვე 1500 წელია, მიწის ზედაპირზე 9-10 კმ სიღრმიდან ამოდის და სწორედ ასეთი წარმოშობა განაპირობებს ამ წყლის უნიკალურობას.
სამკურნალო დანიშნულებით ბორჯომის წყალს იყენებენ როგორც სასმელად, ისე გარეგანი მოხმარებისთვის - აბაზანებისთვის, გამორეცხვებისა და ინჰალაციებისთვის.
ჯობს, ქალაქის დათვალიერება მარადმწვანე ბუნებაში ჩაფლული ბორჯომის ისტორიული პარკიდან დაიწყო. გრილი კლიმატი, დასასვენებელი ადგილების სიმრავლე, ატრაქციონები და მთავარი სიმდიდრე - მინერალური წყლის წყაროები, მათ შორის „ეკატერინეს წყარო“, რომელიც ყოველთვის იზიდავდა საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ჩასულ დამსვენებელსა თუ უცხოელ ტურისტს.
ბორჯომის პარკში მდებარეობს მინერალური წყლების პირველი ჩამომსხმელი ქარხანა, რომელმაც ფუნქციონირება 1890 წელს დაიწყო. აქვეა პირველი ჰესი მთელ კავკასიაში, რომელიც 1899 წელს აშენდა.
პარკიდან 2.5 კილომეტრის სიგრძის, მონიშნული ბილიკის გავლით, შუაგულ ტყეში, სამკურნალო თვისებების მქომე, თბილი გოგირდის წყლით სავსე აუზებია. ტერიტორია კეთილმოწყობილია და თუ ბორჯომში დასვენებას გეგმავთ, აუცილებად უნდა ესტუმრეთ.
პარკის შესასვლელთან მდებარე საბაგირო გზით კი შეგიძლია ქალაქს ზემოდან გადმოხედო და ხეობის ულამაზესი ხედებითაც დატკბე.