
დადიანების სასახლე
დადიანების სასახლე, რომელიც სამეგრელოს მთავრების რეზიდენცია იყო, ერთ-ერთი ცნობილი ადგილია, რომლის შესახებაც აუცილებლად გექნებათ გაგონილი. თუმცა, მისი დაარსების ისტორიას კიდევ ერთხელ მოგიყვებით. ზუგდიდის ცენტრში მდებარე სამუზეუმო კომპლექსი შედგება სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა და თავად ნიკო დადიანის სასახლეებისაგან, კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისაგან.
დადიანების სასახლე დღეისათვის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს წარმოადგენს. მისი ერთ-ერთი ნაწილის - დედოფლისეული სასახლის რეკონსტრუქცია XIX ს-ის 60-იან წწ-ში გერმანელ არქიტექტორ რაისს ეკუთვნის, რომელმაც განახლებისას გოთიკური არქიტექტურის ელემენტები გამოიყენა. ნიკო დადიანის ორსართულიანი სასახლე კი XIX ს-ის 80-იან წწ-ში რუსმა არქიტექტორმა - ვასილევმა ააგო. მუზეუმის ამშვენებს სამეგრელოს მთავარ დადიანთა მიერ გაშენებული ტყე-პარკი 67 ჰექტარზე, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ხეების უნიკალური და მრავალწლიანი ხეებითა და ბუჩქებითაა დატვირთული.
სასახლე-მუზეუმში დღეისთვის 40000-ზე მეტი ექსპონატი ინახება. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ღვთისმშობლის კვართი, ნაპოლეონ ბონაპარტის ნიღაბი, შამილის ხმალი, XVIII-XX სს-ის ევროპელ და ქართველ მხატვართა კოლექციები. მუზეუმის ოქროს ფონდში დაცულია ანტიკური და შუა საუკუნეების ოქრომჭედლობის ნამუშევრები: ეროვნული (ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული XIX საუკუნის დასასრულის დადიანების მემორიალური ნივთებით ჩათვლით) და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები.