
მესტია
მესტია დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. მას, ისევე როგორც მთლიანად სვანეთს, უძველესი ისტორია აქვს. მესტია გამორჩეულია საოცარი, ულამაზესი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით.
მესტიის მუნიციპალიტეტი საქართველოს ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილია უძველესი კულტურითა და მკვეთრად გამოხატული იდენტობით. იგი უამრავ ტურისტს იზიდავს. ქართული ეთნო-კულტურის მნიშვნელოვანი ნიმუშია სვანური კოშკი, რომელიც გვხვდება როგორც საცხოვრებელ სახლზე მიდგმული, ასევე ცალკე მდგომი. გრანდიოზული მწვერვალების ფონზე შეფენილი კოშკოვანი სოფლები დაუვიწყარ კადრებად დარჩება თქვენს მეხსიერებაში.
აუცილებლად უნდა ეწვიოთ მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმსა და მესტიის მუზეუმს, სადაც ნახავთ უნიკალურ სამკაულებს, ტრადიციულ სამოსსა და სხვადასხვა საბრძოლო თუ საყოფაცხოვრებო ექსპონატებს.
მესტიის ბუნება კი ძალიან მდიდარია ულამაზესი ადგილებით, სადაც შეგიძლიათ როგორც კომფორტული დასვენება საოცარი ხედების მქონე სასტუმროებში, ასევე თავგადასავლებით სავსე ლაშქრობები კარვისა და კოცონის თანხლებით. დათოვლილი მწვერვალები, ჩანჩქერები, კლდეთა სამეფოში მოქცეული ტბები, ნიავით სავსე მინდვრები სამოთხეში გაგრძნობინებთ თავს. ეს მხარე ასევე მიმზიდველია სამთო სპორტის მოყვარულთათვისაც. საბოლოოდ კი მესტია არ უნდა დატოვოთ უგემრიელესი სვანური სამზარეულოს გასინჯვის გარეშე, რომლის მთავარი კერძიც კუბდარია.