ნაბეღლავი

ნაბეღლავი

ნაბეღლავი - ბალნეოლოგიური კურორტი და სოფელი, მდებარეობს გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 475 მეტრზე, მდინარის გუბაზეულის სანაპიროზე.

ნაბეღლავი განთქმულია უნიკალური კლიმატური და ბალნეოლოგიური პირობებით. აქ გამოედინება ძვირფასი მინერალური წყალი "ნაბეღლავი", რომელიც წარმატებით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების, თირკმელების, ძვალ-სახსრების სამკურნალოდ. იგი იხმარება როგორც დასალევად, ასევე აბაზანების სახით. რეკომენდებულია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, თანაც - შეუზღუდავი რაოდენობით.

პირველი წყარო აქ 1905 წელს აღმოაჩინეს, შეისწავლეს, მეცნიერულად დაადგინეს მინერალური წყლის ქიმიური მახასიათებლები და განსაზღვრეს მისი სამკურნალო თუ პროფილაქტიკური თვისებები. 

მას შემდეგ კურორტს გასტროენტეროლოგიური პროფილი აქვს. თუმცა ნაბეღლავის მინერალური წყალი ეფექტიანია არა მხოლოდ კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების, არამედ სახსრების, კანის, ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდაც. ორგანიზმს წმენდს მავნე ნივთიერებებისგან და ამდიდრებს აუცილებელი მინერალებით. გამოიყენება როგორც დასალევად, ისე აბაზანის მისაღებად.