
შეკვეთილი
კურორტი შეკვეთილი გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, შავი ზღვის ნაპირას, ზღვის დონიდან 2 მეტრზე. უკიდეგანო, ლურჯი ზღვა, მზიანი სანაპირო, მწვანე ფიჭვნარი და კომფორტული სასტუმროები ყოველწლიურად უამრავ დამსვენებელს იზიდავს. შეკვეთილის სანაპიროს სიგრძე 3 კილომეტრია, სიგანე - დაახლოებით 30 მეტრი. სანაპიროზე მაგნიტური ქვიშაა, რომელიც, ნოტიო სუბტროპიკულ ჰავასთან, ფიჭვის კორომებთან და ზღვის წყალთან ერთად, ბუნებრივ სამკურნალო გარემოს ქმნის.
შეკვეთილში ფუნქციონირებს რამდენიმე სასტუმრო, გასართობი პარკი „ციცინათელა“, საკონცერტო დარბაზი "Black Sea Arena", „მუსიკოსთა პარკი“, „მინიატურების პარკი“ და დენდროლოგიური პარკი.
თუკი ზღვა, მზიანი სანაპიროები, შოკოლადისფერი რუჯი, მრავალფეროვნება, ფერადოვნება და გართობა გიყვართ, შეკვეთილი ამისთვის შესანიშნავი ადგილია. აქ შეძლებთ დაისვენოთ კეთილმოწყობილ, კომფორტულ გარემოში, ეწვიოთ “ციცინათელას”, სადაც ადრენალინის მოყვარულებს ექსტრემალური ატრაქციონებიც დაგხვდებათ, დაათვალიეროთ საქართველოს ღირსშესანიშნაობების მინიატურული მოდელები, დაესწროთ კონცერტებს და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, დენდროლოგიურ პარკში გაეცნოთ სხვადასხვა ჯიშის, მცენარეებს, ცხოველებსა და ფრინველებს და აივსოთ ზღვა ემოციებით. შეკვეთილი ერთ-ერთი პოპულარული კურორტია, რომელსაც მრავალი უცხოელი თუ ადგილობრივი სტუმრობს.