ალგეთის ეროვნული პარკი

ალგეთის ეროვნული პარკი

თუ თბილისთან ახლოს ეკოლოგიური, ბოტანიკური და სათავგადასავლო ტურების მოწყობა გსურს, ალგეთის ეროვნულ პარკს უნდა ეწვიო, რომელიც საქართველოს დედაქალაქიდან 60 კმ-ის დაშორებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. პარკის ფართობი 6800 ჰექტარზე მეტია და ის ზღვის დონიდან 1100-1950 მ სიმაღლეზე მდებარეობს. აქ კლიმატი ნოტიო და ცივია, ამიტომ თბილი ტანსაცმლის წაღება არ უნდა დაგავიწყდეს.

ალგეთის ეროვნულ პარკში ამჟამად ხუთი სალაშქრო მარშრუტი არსებობს, რომლებიც მარტივ ან საშუალო სირთული კატეგორიებს განეკუთვნებიან. მათგან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ოდღიანი, „სამეფო ქედზე“ გამავალი მარშრუტია, რომელზეც კომფორტული ტურისტული კოტეჯიც არის მოწყობილი.

პარკის გარშემო ასევე შეგიძლია მოინახულო წალკის (დაშბაშის), ბირთვისის და სამშვილდის ულამაზესი კანიონები და ლეგენდებით მოცული კლდეკარის ციხესიმაგრე.

პარკის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან დიდგორის ველია, სადაც 1121 წლის 12 აგვისტოს, ქართველთა გამორჩეული მეფის დავით აღმაშენებლის მეთაურობით, საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა.

ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი დაბა მანგლისში მდებარეობს. თავგადასავალი ცენტრის ეზოდანვე იწყება, სადაც ეკოტურისტული ატრაქცია „თოკების პარკი“ დაგხვდება.