
ბატეთის ტბა
ბატეთის ტბა შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამის ხეობაში, ზღვის დონიდან 1313 მეტრზე მდებარეობს. ტბა მეწყრული წარმოშობისაა. იგი გარშემორტყმულია შერეული ტყით დაფარული გორებით, ვრცელი ნაპირი არ გააჩნია. წყალში წითელ წიგნში შემავალი, უიშვიათესი ჯიშის, მცირეაზიური ტრიტონი ბინადრობს. ტბიდან გამოედინება ნაკადული. ტბის სამხრეთ ნაწილი დაჭაობებულია, სადაც კარგად ხარობს მცენარეები და ულამაზეს პეიზაჟს გვთავაზობს.
ბატეთის ტბის მოსანახულებლად სასურველი სეზონებია გვიანი გაზაფხული, ზაფხული ან ადრეული შემოდგომა. ზამთარში კი ტბა გაყინულია. შემოდგომა აქ განსაკუთრებით ლამაზია, მზიან ამინდებში, როცა ტბის გარშემო ტყე წითელ-ყვითელი ფერებით იფარება. ტბაში ბანაობა არ შეიძლება, ნაპირები მოუხერხებელია, ტბა დაჭაობებულია და ყავს ტრიტონის მსგავსი ბინადრები. რაც შეეხება თევზაობას, არც ამ მიზნით ღირს ტბის მონახულება, რადგან ამ ტბაში თევზები არ არიან. ძამის ხეობაში, ყველაზე მწვანე ხეობაში, გარდა ბატეთის ტბისა ათეულობით ისტორიული ძეგლის (ეკლესია-მონასტრები, ციხე-კოშკები) მონახულება შეგიძლიათ ტბისკენ მიმავალ გზაზე.