მახუნცეთის ჩანჩქერი

მახუნცეთის ჩანჩქერი

აჭარაში განსაკუთერბული ბუნება და გამორჩეული ლანდშაფტები დაგხვდება. შენს გაოცებას აქაური, ზღვისპირეთის კურორტებიც შეძლებს, თუმცა აჭარის ხიბლი მხოლოდ ზღვა არ არის - გამორჩეულად ლამაზი და მიმზიდველია მაღალმთიანი აჭარა, მათ შორის - ზედა მახუნცეთი. 

ქედის მუნიციპალიტეტის ამ სოფელში, ზღვის დონიდან 335 მეტრის სიმაღლეზე, კლდეების სიღრმეში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე იოლად მისადგომი და პოპულარული ჩანჩქერი იმალება. ჩანჩქერი მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს მდებარეობს და საავტომობილო გზიდან, სულ რაღაც, 5 წუთის სავალზეა.

მახუნცეთის ჩანჩქერის მონახულება წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. ირგვლივ მრავლადაა საპიკნიკე ადგილები, არის კვების ობიექტებიც. ამდენად, მთელი დღის ჩანჩქერთან გატარებაც თავისუფლად შეგიძლია.

მახუნცეთიდან შეგიძლია აჭარისწყლის სანაპიროებს ნავით გაუყვე და ჯომარდობითაც კი დაკავდე. აღსანიშნავია, რომ მახუნცეთში აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაღოვანი ხიდია, რომელიც IX-X საუკუნეებს ეკუთვნის და ჩანჩქერთან ერთად, მის მონახულებასაც შეძლებ.