ოკაცეს კანიონი

ოკაცეს კანიონი

ოკაცეს კანიონი - კანიონი საქართველოში პირველი კიდული ბილიკებით, მდიდარი ტბებით და ჩანჩქერებით, მდებარეობს იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის მიდამოებში, მდინარე ოკაცეს ხეობაში.

მდინარე ოკაცეს სიგრძე 14 კილომეტრია, კანიონის კი 2 კმ, მისი სიგანე ზოგან 3–6 მეტრი, ზოგან 15–20 მეტრია, სიღრმე კი 20-დან 100 მეტრამდე მერყეობს. კანიონს ამშვენებს რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი, მათ შორის ყველაზე დიდი ოკაცეს (კინჩხის) ჩანჩქერი. ერთ-ერთი ტბის "ოსხაპოს” სიგრძე 60 მეტრია. მდინარე ოკაცეზე რამდენიმე ბუნებრივი ქვახიდია გადებული, ერთი მათგანია, ბოგა”. კანიონს გააჩნია მღვიმეები, საიდანაც გამოედინება კარსტული წყლები.

ექსტრემალური ტურების მოყვარულთათვის ოკაცეს კანიონზე კიდული ბილიკია მოწყობილი, რომლის გავლას დაახლოებით 2-3 საათი სჭირდება. საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება, სადაც ვიზიტორებს იქვე დამონტაჟებული სმარტ-სელფის აპარატით სამახსოვრო ფოტოსურათის გადაღება შეუძლიათ. ოკაცეს კანიონის ბილიკის საფარი გამჭვირვალეა, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო ექსტრემალურს ხდის.