
ქუთაისი
იმერეთი - კოლხეთის შუაგულში მდებარე, გამოქვაბულებით, კანიონებითა და გამწვანებული ბუნებით მდიდარი რეგიონია დასავლეთ საქართველოში. მისი მთავარი ქალაქია ქუთაისი – ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქი და კულტურის ერთ-ერთი უძველესი ცენტრი.
ქუთაისი და მისი მიმდებარე ტერიტორიები კულტურული ძეგლების სიმრავლითა და ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა. აქ საუკუნე-ნახევარზე მეტი ხნის ბაღს - ბულვარს შეხვდები, რომელიც ქალაქის ცენტრალურ მოედანს უერთდება. დიდ ქართველ პოეტს, აკაკი წერეთელს ბულვარისთვის „ქუთაისის პარლამენტი“ უწოდებია, რადგან ინტელიგენცია აქ მნიშვნელოვან საკითხებზე სამსჯელოდ იკრიბებოდა. ტრადიცია დღესაც გრძელდება. აქვე, მოედანზე კოლხური შადრევანი დაგხვდება, რომელიც გაფორმებულია საქართველოში ვანის გათხრებისას აღმოჩენილი არტეფაქტების შესატყვისი 30 მოოქროვილი ფიგურით.
ბულვარის ბოლოში ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი დგას, რომლის სახურავზეც ქუთაისელი მოქანდაკის მიერ გაკეთებულ 13 რომაულ ფიგურას შენიშნავ. შედარებით ქვევით, მდინარე რიონის პირზე, იმერეთის მეფეთა რეზიდენცია „ოქროს ჩარდახია“; მაღლა, გორაზე, 1003 წელს ერთიანი საქართველოს სიმბოლოდ აგებული ბაგრატის ტაძარი მოჩანს